როდის არის კოვიდინფიცირებული სხვისთვის საშიში – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაცია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნია განმარტავს, როდის არის კორონავირუსის მატარებელი ადამიანი სხვისთვის საშიში ვირუსის გადადების მხრივ.

 

„დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი რეკომენდაციები, თუ როგორ შეფასდეს უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსი.

მსოფლიოში ამასთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. ამერიკის დაავადების ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის. ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი, სხვა დააინფიციროს, პრაქტიკულად არ არსებობს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, უსიმპტომო პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან უკვე გაუვიდა 12 დღე, ჩაითვლება როგორც გამოჯანმრთელებული და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას.

რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან, მათი მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე. 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი.

მისივე განმარტებით, თუ სიმპტომიანი პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში უსიმპტომო იყო, ისინი მე-14, მე–15 დღეს უკვე სხვისთვის რისკს არ წარმოადგენენ.