“მთავარი მზაკვროვბა და მტრობა, რაც ჩვენ დავინახეთ, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის…“

„ჩვენი მიწა-წყალი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოინახეს და მოგვიტანეს, ამის ბედის განკარგვა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ხელისუფლებისთვის. ამ პასუხისმგებლობას თუ ვერ აცნობიერებენ, ეს დიდი დანაშაულია, ეს არის ღალატი. არ ვიცი რა მოტივაცია ჰქონოდა გამოძიებას. ჩვენ გავიგეთ, რომ საქმე ეხება უსერიოზულეს დანაშაულს, სავარაუდოდ სახელმწიფო ღალატს, ტერიტორიების გადაცემის მცდელობას. ვიცით, თუ როგორ ბინძურ ძალასთან გვაქვს საქმე, ანტიეროვნულ, ყველაფრის მკადრებელ, კრიმინალურ, მკვლელების ძალასთან“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაუჯერებელია, რომ სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. „სააკაშვილმა თავად თქვა, რომ დამაბრალებენ 80 მილიონი დოლარის აღებასო. საიდან მოიტანა ეს ციფრი, რატომ?! ჩვენ ასეთ სისულელეს ხომ არ ვიტყვით, არა?! „ქურდს კუდი ეწვოდაო“. რატომ პანიკობენ რა ხდება?!“- აღნიშნა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როცა ის პოლიტიკაში დაბრუნდა მამა კირიონის ნახვის შემდეგ საქმის კურსში აყენებს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ჩართულობით ეს საკითხი ბოლომდე იქნა მიყვანილი. „აპრილის თვეში მივიღეთ რუკების პირველი პარტია, მეორე ივლისის ბოლოს. დაახლოებით 11 – 12 დღე დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს კიდევ ერთხელ გაგვეანალიზებინა და თავდაცვის სამინისტროს დასკვნა წარგვედგინა მთავარი პროკურორისთვის. ეს მოხდა 17 აგვისტოს. რა შუაშია ან ის კონფლიქტი, რომელიც რეგიონში გრძელდება?“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“.

თავდაცვის მინისტრმა დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ დაიწყო დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით რუკების მოძიების პროცესი.

„2014 წლის დასაწყისში გავიცანი მამა კირიონი და გულდაწყვეტით მომიყვა დავით-გარეჯის ისტორია, თუ როგორ მოხდა ამ საკითხის გართულება. 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ მხოლოდ ამ თხემზე. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დადგომა ამ თხემზე ხდება 2007 წელს. ეს პირველი ტყუილი, რასაც ისინი ავრცელებენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დადგომამ, გამოიწვია დიდი გაუგებრობა. ვერავინ ვერ გაიგო, თუ რატომ უნდა ჩაწეულიყვნენ ქართველი მესაზღვრები და დამდგარიყვნენ აზერბაიჯანელები მესაზღვრები,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„მე დავავალე უსაფრთხოების საბჭოს, რომელიც მაშინ ჩემი სათათბირო ორგანო იყო, მინდია ჯანელიძეს ვთხოვე საკითხის დამუშავება და დასკვნის წარმოდგენა. გადის დრო და მათაც მოაქვთ ისტორია, მეუბნებიან, რომ საქმეში არ დევს ის მთავარი, ფუნდამენტური რუკა, რომლის მიხედვითაც უნდა გაივლოს საზღვარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს არის 2014 წელი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ რუკის მოძიება დაიწყეს და არათუ ორიგინალი ასლიც ვერ მოიძებნა და ეს წერილშიც განმარტებულია, რომლიც პროკურორ შოთაძეს მიწერა. „1996 წელს აზერბაიჯანი-საქართველოს რესპუბლიკის მთავრობები შეთანხმდნენ და გააფორმეს მემორანდუმი, ხელშეკრულება, რომ აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაცია განხორციელდებოდა 1938 წლის რუკის მიხედვით. ეს ისეთი ნათელი, ცხადი ჩანაწერი არის, რომ არავითარი სპეკულირების, თუ მანევრის საშუალება არცერთ მხარეს არ ეძლეოდა. ამის შემდეგ მე ვავალებ, რომ რუკა მოიძიონ. მე პირადად მქონდა რამდენიმე კოლგესათან, პრემიერ-მინისტრებთან საუბარი და ერთ-ერთი ქვეყნის კოლეგისგან მივიღე თანხმობა, ვაგზავნი ბატონ მინდიას და მინდიას ჩამოაქვს ამ რუკის ასლი. ეს არის 2014 წელი,“- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, მას შემდეგ ამ თემაზე არაერთი სამუშაო შეხედრა გაიმართა სახელმწიფო კომისიის წევრებთან, სადაც კითხვაზე, თუ რატომ არ ხელმძღვანელობდა სააკაშვილის დროინდელი მთავრობა და სახელმწიფო კომისია ამ რუკის მიხედვით, პასუხი იყო, რომ ეს რუკები დაკარგულია და სხვა რუკები უნდა გამოეყენებინათ.

„მთავარი მზაკვრობა და მტრობა, რაც დავინახეთ, ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი არასოდეს ყოფილა ოკუპანტი და მტაცებელი. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს მთავარ სიწმინდეს, მთავარ იდენტობას, მთავარ ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილს, ჩვენთვის ეს არის წმინდათა წმინდა“ –  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა, რომ შესაბამის სამსახურებს დაავალა დასკვნის დადება, შემდეგ კი, მან პოლიტიკა  4 წლით დატოვა. მისი ინფორმაციით, საქმის ვითარება შემდეგ პრემიერებსაც გააცნეს. „მინდია ჯანელიძეს ჰქონდა საუბარი, შემდეგ მამა კირიონს ჰქონდა საუბარი ორივე პრემიერ მინისტრთან, ვინც ჩემს შემდეგ იყვნენ. მამუკა ბახტაძის მიერ კომისიის შემადგენლობა შეიცვალა, ბაბაქიარის მწვერვალი, რომელიც მანამდე იყო ჩვენი სარგებლობის ქვეშ, დე ფაქტოდ ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, მიადგნენ თუ არა ბაბაქიარის მთას, უცებ იგნორი გაუკეთეს 70-80 იანი წლების რუკას, რომლებიც საიდან მოიტანეს გაუგებარი იყო. არავითარი კითხვა არ არსებობს, უმარტივესი საქმეა. გააჩინეს 38 წლის რუკა, რომლის მიხედვითაც ბაბაქიარის მწვერვალი აღმოჩნდა და ასეც არის – აზერბაიჯანის მხარეს შეუთანხმეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მოადგნენ დავით გარეჯის კომპლექსს. ორივე მხრიდან, ჩიჩხიტურის მხრიდან და უდაბნოს მხრიდან პირდაპირ თხემზე, ქედზე ატარებენ საზღვარს, მაშინ როცა 38 წლის რუკის მიხედვით რომ ეხელმძღვანელათ, საზღვარი ჩვენს შორის გადიოდა დაახლოებით ქედიდან 500 მეტრით ქვევით. ამაზე მეტი სიცხადე და ამაზე დიდი არგუმენტი, გნებავთ მტკიცებულება, რა უნდა იყოს,“ – აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც გამოკვეთა პროკურატურამ პირველ ეტაპზე, არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე ხდება: „ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაცია მეზობელ ქვეყანასთან და ტერიტორიების შეთანხმება ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს… გუშინ გამოვიდა მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშაკიძე და პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეორე ნოღაიდელის გადაწყვეტილება მოვისმინეთ, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და თქვა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და დასკვნაა. დავით გარეჯის ეს მონაკვეთის, კომპლექსის ნაწილი მათი შეთანხმებით აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს. კიდევ ერთი მტკიცებულება რაც ჩვენ მოვისმინეთ ნინო კალანდაძისგან, ისიც ამბობს, რომ ეს ადგილი აზერბაიჯანის მხარესაა,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ .