ვპირდები ბათუმელ და ქართველ გულშემატკივრებს…

თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარებას და აღმავლობას ხელს არაფერი შეუშლის.

„როგორც ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი უბედნიერესი ვარ იმით, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ადგილობრივი გულშემატკივრები ამას არაერთი წელი ელოდნენ. გვახსოვს ის წლები, როდესაც სტადიონი დაანგრიეს და მას შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ოდესღაც გაკეთდებოდა. სიტყვებს და ემოციებს ვერ ვმალავ იმდენად ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს სტადიონი ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

მე მინდა ბათუმის „დინამოს“, საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს, ყველას, ვისაც აქ მოუწევს თამაში, წარმატებები ვუსურვო. რა თქმა უნდა, დღევანდელი ღონისძიება სხვა ფორმით უნდა გამართულიყო, აქ სხვა სულისკვეთება უნდა ყოფილიყო, მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მხოლოდ სიმბოლურად, ამ ფორმით მოგვიწია ამ მშვენიერი სტადიონის გახსნა. ვპირდები ბათუმელ და ქართველ გულშემატკივრებს – როგორც კი ეპიდვითარება დასტაბილურდება, აქ ჩამოვიყვანთ მსოფლიო ვარსკვლავებს და გავმართავთ იმ ამხანაგურ შეხვედრას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას. ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კეთდება ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა კალაძემ.