გუბაზ სანიკიძე – დავით აღმაშენებელმა დემეტრე პირველი დატოვა მემკვიდრედ, კეისარმა ოქტავიანე ავგუსტუსი, ბიძინამ – კობახიძე, ეს არის ჩვენი მოცემულობა

დავით აღმაშენებელმა დემეტრე პირველი დატოვა მემკვიდრედ, კეისარმა ოქტავიანე ავგუსტუსი, ბიძინამ – კობახიძე, ეს არის ჩვენი მოცემულობა, – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მან „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „ბოსტანში წავიდა რომის იმპერატორი​ დიოკლეტიანეც, რაც სასაცილო არ არის“.

„ბოსტანში წავიდა დიოკლეტიანე, ბიძინაც დიოკლეტიანეს სახეობაა საქართველოში. დიდი ამბები იქნება. ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა, საზოგადოებას და განსაკუთრებით ოპოზიციას, არის პრინციპული პოზიცია და პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ოპოზიციამ უნდა აიღოს პოლიტიკური ინიციატივა“,-  თქვა სანიკიძემ.

გუბაზ სანიკიძე ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნასაც გამოეხმაურა.

„აქედან ჩანს, როგორ არ უყვარს ბიძინა ივანიშვილს საქართველო და ქართველი ხალხი, როგორ ჰკიდია ეს ქვეყანა ფეხზე. ისეთ ადამიანს, რომელიც ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს მის მომხრეებშიც კი. იკითხეთ „ქართულ ოცნებაში“ როგორ გაუხარდათ კობახიძის მემკვიდრედ დატოვება. დავით აღმაშენებელმა დემეტრე პირველი დატოვა მემკვიდრედ, კეისარმა ოქტავიანე ავგუსტუსი, ბიძინას მასშტაბებით და გემოვნებიდან გამომდინარე მემკვიდრედ კობახიძე დატოვა. ეს არის ჩვენი მოცემულობა.

„კისერიც გიტეხიათ ქართველებო“ ეს გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა. საკმაოდ საინტერესო იყო მისი მოსაზრებები ქვეყანასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმაც უნდა გააკეთოს დასკვნა, სადამდე უნდა ვიყოთ საყმაწვილო ასაკში? მისი საზოგადოებრივი აზრი უნდა გაცდეს 5 წლის ბავშვის აზროვნებას. ენის მოჩლექა დასრულდა, მთელი კავკასია და საქართველო დაიქცა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.