ალეკო ელისაშვილი – არ გამოვრიცხავ, გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კომპრომატები ჰქონდეთ

არ გამოვრიცხავ, გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, მაგალითად კომპრომატები და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ.

„არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო დ მეორე დღეს ამბობენ, აღარ გვინდა შეხვედრაო, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის.

„ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში, სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს.