თეა წულუკიანი – სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მუდმივად ჩემზე ფიქრის ნაცვლად, პატიმრებსა და მათში საკუთარ გამოფიტულ ნდობაზე იფიქროს

სახალხო დამცველს მოვუწოდებ, მუდმივად ჩემზე ფიქრის ნაცვლად, პატიმრებსა და მათში საკუთარ გამოფიტულ ნდობაზე იფიქროს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან პატიმრებში სახალხო დამცველის მიმართ ნდობის დეფიციტზე ისაუბრა. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სახალხო დამცველი არ ინტერესდება იმ კანონპროექტებით, რომლებიც პატიმრებს ეხება.

„სახალხო დამცველს შევახსენებ, რომ მრავალი თვეა, იუსტიციის მინისტრი აღარ ვარ, ასევე, არ ვარ იმ რომელიმე საპარლამენტო კომიტეტში, რომელიც თეორიულად შეიძლება განვიხილოთ, რომ არის პენიტენციური სისტემისთვის დარგობრივი კომიტეტი. როცა მინისტრი ვიყავი, ვხედავდით, რომ პატიმრებში სახალხო დამცველის მიმართ ძალიან სწრაფი ტემპით უარესდებოდა ნდობის ხარისხი, თავად სახალხო დამცველი კი არაფერს აკეთებდა, რომ ეს პროცესი შეჩერებულიყო. ახლახან საჯარო შენიშვნაც მივეცი და მას მოვუწოდე, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონის განხილვის პროცესში ჩართულიყო, მაგრამ ჩემი ხმა დარჩა, როგორც „მღაღადებელი უდაბნოსა შინა“. პატიმარი სახალხო დამცველს ბუნებრივად თავის მოკავშირედ მოიაზრებს და როცა ის ამ მოკავშირეობაზე უარს ეუბნება, როცა პატიმრები ხედავენ, რომ „ამნისტიის კანონი“ მას არ ეხება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს ნდობის ეროზიას.

იმის ნაცვლად, რომ სახალხო დამცველი მუდმივად ჩემზე ფიქრობდეს, მოვუწოდებ, იფიქროს პატიმრებზე, იმ გამოფიტულ ნდობაზე, რომელიც აქვს პატიმრებში და ეს ნდობა გააძლიეროს. მაგალითად, დღეს დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც თუ კანონად იქცევა, დიდწილად პატიმრების უფლებებსაც ეხება. ამიტომ, სახალხო დამცველის ადგილას რომ ვიყო, ამ იდეას ავიტაცებდი, ვიმუშავებდი მიხეილ სარჯველაძესთან და ჩემთან, ვინც ამ ცვლილებების ავტორები ვართ და დავიცავდი პატიმრების ინტერესებს კანონპროექტის განხილვისას, მაგრამ ეს არ ხდება. არც მას და არც ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რასაც საჯარო სივრცეში ვამბობთ, მედიის დამსახურებით, ამას საკანში პატიმრები ისმენენ“, – განაცხადა წულუკიანმა.