თამარ გაბუნია – აქტიურად ვმუშაობთ, რომ ვაქცინის შემოტანის შემდეგ არც ერთი წუთი არ დაიკარგოს და ვაქცინაციის პროგრამა დაუყოვნებლივ დაიწყოს

ჯანდაცვის სამინისტრო უკვე აქტიურად მუშაობს, რომ როგორც კი, ვაქცინა ქვეყანაში იქნება და მოლოდინი გვაქვს, რომ თებერვლის მეორე ნახევარში უკვე გვექნება ამის შესაძლებლობა, არ დაიკარგოს არც ერთი წუთი და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ამისთვის ხდება სამედიცინო დაწესებულებების შერჩევა, სადაც განხორციელდება „ფაიზერის“ ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“ ვაქცინაციის განხორციელებაში ყველა სამედიცინო დაწესებულება ულტრა ცივი ჯაჭვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ ჩაერთვება.

„ამიტომ, ხდება დიდი კლინიკების შერჩევა, რომლებსაც აქვთ შესაფერისი რესურსი, რომ უზრუნველყონ პაციენტთა ნაკადების მართვა, ასევე ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო ადგილებით, რომ გვერდითი რეაქცია თუ გამოვლინდა მარტივად იმართოს ადგილზევე. ასეთი კლინიკების საჭიროება ბევრი არ არის, სულ ათამდე კლინიკაზე ვსაუბრობთ-ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში. უკვე მზად არის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისსა და თბილისში დღეს ან ხვალ დასრულდება წინასწარი შერჩევა და კვირის ბოლოსთვის დაიწყება ადგილებზე პერსონალის ტრენინგი და მათი მომზადება. კლინიკას უნდა ჰქონდეს გადაუდებელ დახმარებაში ნებართვა, ასევე იმუნიზაციის შესახებ გამოცდილება და სულ მცირე სამი ბრიგადა. პაციენტების ნაკადები უნდა გაიყოს. პაციენტები უნდა შევიდნენ სხვა შესასვლელებიდან და სამედიცინო მუშაკები, ვინც ასაცრელად მივლენ, მათ უნდა დახვდეთ იზოლირებული შესასვლელი და აცრის შემდეგ დაყოვნების სივრცე. რეგულირების სააგენტო ამ ყველაფერს შეამოწმებს და ამის შემდეგ მოხდება მათი ჩართვა პროგრამაში“, – განაცხადა გაბუნიამ.