გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ძალიან კარგად ასრულებს

„საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენი მთავრობა ძალიან კარგად ასრულებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. პირველივე ტალღიდან ასე ხდებოდა, ამიტომ თითქმის ვერ ვიგრძენით პირველი ტალღა. როდესაც ჩვენ არ დავუჯერეთ ჯანმოს, მივიღეთ ნოემბერი, ჩვენთან არჩევნები იყო და იცით რაც მოხდა“, – აღნიშნა ფხაკაძემ.

მისი თქმით საქართველოს მთავრობა მიჰყვება ჯანმოს რეკომენდაციებს. „უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემია არ აპირებს არსად წასვლას, გვექნება მეტნაკლებად მსუბუქი ზაფხული და არ გვექნება ბევრი სიკვდილიანობა, გავრცელება იქნება, თუმცა არა მძიმე. ამისათვის, ქვეყანა უნდა იყოს მზად და ის ქმედებები რასაც ახლა აკეთებს სახელმწიფო არის ორი მიმართულებით. ერთი არის სუფთა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სწორი მიმართულება და მეორე, როგორ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. აი მეორეს, ჩვენ ვერ ვასრულებთ, ვამბობთ დაველოდოთ და ყველაფერი დაუბრუნდება ძველებურ სიტუაციას, აღარ იქნება ისე, როგორც იყო ადრე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.