არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა

გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

თალაკვაძემ მოხსენებით გამოსვლისას ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისული 2 მილიონი მოქალაქის არჩევანი გაითვალისწინა, არც საკუთარი მხარდამჭერების სურვილი, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიციაა საჭირო და არც პოლიტიკური დიალოგის დროს მიცემული პირობა.

„პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს: დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ მუშაობა არ გვინდა! არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ ცვლილებები საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს. ეს მიუღებელია – ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ! ძალადობაზე სახელმწიფოს იგივე რეაქცია ექნება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ეს ნაწილი საკუთარი რადიკალური განცხადებებისა და შეფასებების მძევალი გახდა და დღეს ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან, რასაც ევროპარლამენტარებმა ოპოზიციისთვის პრესტიჟისა და სახის შენარჩუნების გამოსავალი უწოდეს.

„რასაც ჩვენ პარლამენტის საბოტაჟი ვუწოდეთ, ეს აქტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ უფრო მძიმე ფორმულირებით გაჟღერდა – ევროპელმა კოლეგებმა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრად შეაფასეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.