ნათია თურნავა – სრულიად სამართლიანია, სახელმწიფომ გადახედოს ყველა იმ ბიზნესის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც მიზანმიმართულად დაარღვევს დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს

სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ყველა იმ ობიექტების და ბიზნესის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც მიზანმიმართულად დაარღვევს დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს – არ მინდა იყოს მიჩნეული, რომ ეს რესტორნებით წინააღმდეგ არის მიმართული, გამგები გაიგებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ყველა იმ ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს.

“სრულიად სამართლიანი არის ის, რომ ჩვენ გავამკაცროთ მოთხოვნა ყველა იმ ობიექტის და ბიზნესის მიმართ ვინც მიზანმიმართულად დაარღვევს ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს, კანონმდებლობით დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას არამხოლოდ დაჯარიმების, არამედ სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ ობიექტების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც იმიტომ, რომ ყველა ეს პროგრამა, რასაც ახლა ჩვენ ვახმოვანებთ – ეს არის თანხა, ეს არის სოლიდური თანხა, რომელიც მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან, ეს არის მოსახლეობის თანხა.

რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვეხმარებით ბიზნესებს ამ რთულ ვითარებაში, პანდემიის გამო, შეზღუდვების გამო დაზარალებულ ბიზნესებს შევუმსუბუქოთ მათ ყოფა, მათი მხრიდანაც ველოდებით ადეკვატურ, პასუხისმგებლიან მიდგომას, ძალიან პასუხისმგებლიან მიდგომას იმიტომ, რომ ერთობლიობაში ვქმნით იმ დადებით ფონს, რაც გვეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე ეს სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

არ მინდა იყოს მიჩნეული, რომ რესტორნებით წინააღდეგ არის ეს მიმართული იმიტომ, რომ ეს შეეხება ყველა ბიზნესს, ვისზეს არის დაწესებული მოთხოვნები და ვინც სარგებლობს სხვადასხვა პროგრამით, აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, აი ამაზე არის საუბარი – გამგები გაიგებს”, – განაცხადა თურნავამ.