მამუკა ხაზარაძე – საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია, ჟანგბადი

ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა, საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია, ჟანგბადი, ჟანგბადისთვის და ენერგიისთვის კი საჭიროა ის არჩევნები, რომელიც გამოხატავს მთელი ქვეყნის ნებას, ჩვენ უნდა ვნახოთ საერთო წერტილი და საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე მიაჩნია, რომ ქვეყანაში როცა არის ომი, პანდემიის სახით, გონიერი ხელისუფლება აკეთებს ყველა ძალის მობილიზებასა და კონსოლიდაციას.

„მათ შორის იმ ოპოზიციური ძალებისა, რომელიც მას აკრიტიკებს. ხვალ, რომ ომი დაიწყოს, ჩვენ ხომ ყველა ერთად დავდგებით და ყველა ერთმანეთს ხელს გავუწვდით?! – ვიტყვით, მტერი შემოგვესია და მოდით ერთად ვებრძოლოთ მას.

დღეს გარე მტერიც შემოსეული გვყავს, ქვეყანა ოკუპირებულია და ერთად არ ვდგავართ; პანდემია გვიტევს და ერთად არ ვდგავართ. ერთად დგომა, ეს არის აზრებისა და პროგრამების გაზიარება. ჯერ კიდევ მარტში შევთავაზეთ „ქართული ოცნების“ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა, მაგრამ მათი პოზიცია, „მარტო მე ვიცი , შენ ოპოზიცია ხარ, ანუ შენ ხარ ჩემი მტერი“, არასწორია. უზარმაზარი ინტელექტუალური ძალა დგას მეორე მხარეს, რომლის პოლარიზება მოახდინა ამ მთავრობამ. როცა პოლიტიკაში ხარ უნდა ილაპარაკო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ სიტუაციაში, ორი დაპირისპირებული მხარიდან უნდა გამოჩნდნენ ადამიანები და თქვან – ომია ქვეყანაში, გვიტევს მტერი, ჯობია გავჩერდეთ და მათ ერთად შევებრძოლოთ. ვიფიქროთ, როგორ გადავარჩინოთ ხალხი.

დღეს გაჯიუტებული „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ გვჭირდება ახალი არჩევნები, მსჯელობა და ახალ გეგმაზე შეთანხმება. ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. მე ვარ შედეგზე ორიენტირებული ადამიანი და მე მინდა, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.