მუდმივად ვიღებთ არა მრავალპარტიულ პარლამენტს, არამედ მრავალპარტიულ პარლამენტარებს!

„ქართული ერთობის დარბაზში“  გაერთიანებულმა  მეცნიერებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს,  რომლის მიზანიც „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ ფორმირებაა.  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ რამაზ ლომინაძ აზრით, პარლამენტის წევრობის კანდიდატი ხალხმა უნდა შეარჩიოს და  არა პარტიებმა.

„საქართველოს მოქალაქეებს უნდა ვკითხოთ, ვის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ პარლამენტი.  პარტიებმა კი ხალხის ნება უნდა გაითვალისწინონ   და კანდიდატად შეარჩიონ პიროვნება, რომლებსაც ყველა ქართველი იცნობს. დღეს საღად მოაზროვნე და ქვეყნისათვის საჭირო პოლიტიკოსები პარტიებს მიღმა გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე – პოლიტიკურ არენაზე მყოფ პარტიებში“  – აცხადებს რამაზ ლომინაძე ასავალ დასავალთან საუბრისას.

მისი თქმით,  პოლიტიკურმა პარტიებმა კადრები არა საკუთარ ვიწრო გარემოცვაში, არამედ საზოგადოების ფართო სპექტრში ეძებონ და ისინი პირადი ერთგულების კი არა ქვეყნის ერთგულების ნიშნით შეარჩიონ.

„საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინერგოს პრონციპი, ქვეყანას მართავს ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.    დღეს კი ღალატი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად იქცა და  პარტიიდან პარტიაში მორბენალ ადამიანებს აფასებენ და ხელს უწვდიან. ამიტომაც არის რომ უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში მუდმივად ვიღებთ არა  მრავალპარტიულ პარლამენტს, არამედ  მრავალპარტიულ  პარლამენტარებს! მაშინ როცა იგნორირებულია კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების მოღვაწეთა პოზიცია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ – აცხადებს რამაზ ლომინაძე.

კომენტარის დატოვება