ნიკოლოზ სამხარაძე – უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეს საკადრისი პასუხი გასცა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისივე მოქალაქეს საკადროსი პასუხი გასცა, თუ როგორ უნდა მოიქცეს, სხვა სახელმწიფოსთან მიმართებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მისამართით უკრაინის საგარეო უწყების დღევანდელი პასუხი საკადრისია.

„ასევე განცხადებაში ძალიან მენიშნა ფრაზა, რომ ჩვენ არ უნდა მოვცდეთ სააკაშვილის განცხადებების განსახილველად და ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსული საფრთხე, აგრესია საქართველომ და უკრაინამ მოვიგერიოთ. შესაბამისად, ამ პასუხს არანაირი დამატება აღარ სჭირდება, რადგან ძალიან მკაფიო და ნათელია. უკრაინელ კოლეგებს ყოველთვის მოვუწოდებდით, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, პროცესი აქამდე არ მოსულიყო. ყოფილი პრეზიდენტი მათ ელჩსაც დაესხვა თავს და კორუმპირებული, მექრთამე უწოდა. სამწუხაროა, რომ ეს საქმე აქამდე მივიდა, მაგრამ უკრაინის საგარეო უწყების დღევანდელი პასუხი საკადრისია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს კორუმპირებული უწოდა.

იგორ დოლგოვმა კომეტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხდებაზე, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა და მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციებისკენ მოწოდებებისგან.