ნიკა მელია – ვინც თითქოს ჩემს სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს თანხას, იქნება ჩემი მტერი და მას ვამხელ, როგორც სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფ პირს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს.

მისივე თქმით, გირაოს გადასახდელად აუცილებელია სპეციალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში.

ნიკა მელიას განმარტებით, პროკურატურას კოდის მიღების მოთხოვნოთ არ მიმართა და შესაბამისად, აღნიშნული კოდი არც მას და არც ადვოკატს არ აქვს.

„არ მეგონა, დღეს თუ მომიწევდა ბრიფინგის გამართვა საკითხზე, რომელიც ვერ გახდებოდა აქტუალური, რომ არა პარადოქსალური სახელმწიფო. არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა აქამდე ნამდვილად არ გამეგო. გუშინ საღამოდან მოყოლებული, ჯერ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენელმა და დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებულმა მედიამ პრაქტიკულად დაიწყო დარაჯი თითოეული ჩვენი პარტიის წევრისა და ეკითხებიან ერთი და იგივეს, თითქოს არსებობს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს.

კიდევ ერთხელ ძალიან საჯაროდ მინდა, განვაცხადო, ამ უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში დაკისრებული თითქოს გირაოს გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ყველაფერის კეთება ჩემი მხრიდან არის სირცვხილი, და დანაშაულიც, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი – ე.წ. გავრილოვის საქმე.

მეორეც, ფიზიკურად შეუძლებელია, ნებისმიერმა მსურველმა გადაიხადოს თანხა, მეც კი, რომც მინდოდეს, რადგან თანხის გადასახდელად აუცილებელია სპეციალური უნიკალური კოდი, რომელიც ინახება პროკურატურაში და პროკურატურამ უნდა გადასცეს ბრალდებულს ან მის ადვოკატს.

ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის ამ მოთხოვნით. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის. ანგარიში, რომელზეც თითქოს თანხის შეტანა უნდა მოხდეს, ეკუთვნის „საქართველოს ბანკს“, მაგრამ ვერავინ შეიტანს შესაბამის თანხას, თუ არ ექნება უნიკალური კოდი. მინდა, მივმართო თხოვნით, პატივისცემით „საქართველოს ბანკს“, რომ თუ მოხდება შესაბამის ანგარიშზე ჩემს სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა. მოგმართავთ თხოვნით, ეს არის არა მხოლოდ უფლების დარღვევა, არამედ კანონის დარღვევაც. ამიტომ, იმედია, ამის მონაწილე არ გახდება ჩემთვის საპატივცემულო საბანკო დაწესებულება – „საქართველოს ბანკი“. ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ.

ძვირფასო ხელისუფლებავ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, რომ ნიკა მელია, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იხდის უკანონოდ დაკისრებულ თანხას, მორჩა და გათავდა. ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, მითიური რაღაცა პერსონა, რომელზეც ნადირობს დღეს მთელი „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია, პლუს „ოცნების“ დეპუტაცია, თუ ასეთი ვიღაც აღმოაჩინეს, პირდაპირ გეუბნებით, რბილად რომ ვთქვა, იქნება ჩემი არაკეთილმოსურნე და პირადად მე მომიწევს მხილება ამ ადამიანის, რომ ის არის მჭიდროდ დაკავშირებული სპეციალურ უსაფრთხოების სამსახურთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც „თითქოს მის სასარგებლოდ შეიტანს თანხას, იქნება მისი მტერი, არაკეთილმოსურნე, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მჭიდრო კავშირში“.

„და ასეთი ადამიანი თუ ბევრი გეგულებათ, კეთილი სამარიტანელი, ალტრუისტი, ვინც 40 000 ლარს უბრალოდ უცხო ადამიანს გადაუხდის, საზოგადოებამ განსაჯოს“, – დასძინა მელიამ.

გენერალურ პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ აღსრულების ბიუროს დასახელებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები არის საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რაც შეეხება ე.წ. გადახდის უნიკალურ იდენტიფიკატორს, უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საბანკო ანგარიშზე გირაოს თანხის გადახდის აუცილებელ რეკვიზიტს და გამოიყენება გადახდილი თანხის ანგარიშზე დროულად ასახვისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.