გიორგი ვოლსკი: ჩანს, რომ ნიკა მელიას ციხის კედლების მიმართ ფობია გაუჩნდა და გირაოს გადახდა გადაწყვიტა, მაგრამ სხვა ფორმით

ჩანს, რომ ნიკა მელიას ციხის კედლების მიმართ ფობია გაუჩნდა და გირაოს გადახდა გადაწყვიტა, მაგრამ სხვა ფორმით, რომ შემდეგ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია ნაკლებად აქტუალური თემა გახდა ბოლო პერიოდში.

„თავად მელია ნაკლებად აქტუალური თემა გახდა ბოლო პერიოდში. ის სკანდალი, რომელიც მის გარშემო უნდა ტრიალებდეს, პარტიის ახალი ლიდერია, რატომღაც არ არის იმ დონეზე ასული, როგორც თვითონ მოელოდა ეტყობა. შემოაქვს ახალი თემა, აბსურდული, რომ თითქოს რაღაც უნიკალური კოდია, სადაც „ქართული ოცნება“ აპირებს თანხის შეტანას ისე, რომ მას არ შეეკითხება. თითქოს ეს იქნება დამალული და საზოგადოება ამას ვერ გაიგებს, თვითონ აზრობრივადაც ძალიან სუსტი პოზიციაა. ისე ჩანს, რომ სწორედაც ციხის კედლების მიმართ გაუჩნდა ფობია და გადაწყვიტა, რომ გადაიხადოს, მაგრამ გადაიხადოს სხვა ფორმით და შემდეგ ეს დააბრალოს „ქართულ ოცნებას“. იმდენად აბსურდულად ჟღერს ეს ყველაფერი, რომ მე დამატებითი კომენტარები არ მაქვს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.