ალეკო ელისაშვილი – ერთადერთი, ვისაც რადიკალიზაცია სჭირდება, უკრაინაშია ის კაცი, რევოლუცია თუ მოხდა, მეგის ქარდავა რომ ჩამოფრინდება სპეცრეისით და ახალაია მოყვება, დღევანდელი პროკურატურა გახდება სანატრელი

ერთადერთი, ვისაც რადიკალიზაცია სჭირდება, უკრაინაშია ის კაცი. ვის დაიჭერენ, ვის არ დაიჭერენ, ვის ძვლებში დაამტვრევენ, იმისთვის სულერთია, ოღონდ აქ რაღაც დაიძაბოს, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ელისაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ნიკა მელიას მეშვეობით სიტუაციის დაძაბვას.

„მე ვისურვებდი, რომ ნიკა მელიაც და დანარჩენი ოპოზიცია შემოვიდეს პარალამენტში და იქ ვიბრძოლოთ უკეთესი საარჩევნო სისტემისთვის, უკეთესი პროკურატურისთვის, არსებითად რომ გამოვასწოროთ. თორემ დაგიჭერენ-არ დაგიჭერენ, ხალხი გამოვა თუ არ გამოვა, ეს არაფერს შეცვლის. პირიქით, ქვეყანაში გადატრიალება თუ მოხდა და რევოლუცია, დღევანდელი პროკურატურა გახდება სანატრელი და საოცნებო, მეგის ქარდავა რომ ჩამოფრინდება სპეცრეისით, ერთი ახალაია რომ მოყვება და მეორე ახალაია ციხიდან გამოვა. ეს გახდება სანატრელი და ბუნჩულა, ჩუსტებიან, საყვარელ პლუშის დათუნიად მოგვეჩვენება შოთაძე, რევოლუცია თუ მოხდა და გადატრიალება. თუ გვინდა, რომ პროკურატურასა და სასამართლოს მართლა ვენდობოდეთ, უნდა ვიბრძოლოთ, ოღონდ ვიბრძოლოთ, სადაც მანდატები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მოვიდნენ და ერთად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.