პროკურორი: თუ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვლება, ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები შეასრულებენ

ნიკა მელიას ქმედებები დიდ კონფლიქტში მოდის კანონთან. გირაოს არგადახდა, გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას, ფაქტობრივი მოცემულობაა. სისხლის სამართლებრივ სივრცეში პატიმრობის გამოყენების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რათა ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესის ჯეროვნად განხორციელებას, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

„ჩვენი შუამდგომლობა უკვე წარდგენილია სასამართლოში და ის დღეს 16:00 საათზე განიხილება. ამ სხდომაზე სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი და გვაქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას. ნიკა მელიას ქმედებები დიდ კონფლიქტში მოდის კანონთან. გირაოს არ გადახდა, გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას, ფაქტობრივი მოცემულობაა. სისხლის სამართლებრივ სივრცეში პატიმრობის გამოყენების გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, რათა ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესის ჯეროვნად განხორციელებას. გადაწყვეტილება დამოკიდებულია მხოლოდ სასამართლოზე, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ამ მოცემულობაში უნდა იყოს გამოყენებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება და გირაო შეიცვალოს პატიმრობით. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ეს დამოკიდებულია მხარეების პოზიციაზე. ჩვენი პოზიცია ცნობილია, დაცვის პოზიციას კი სხდომაზე მოვისმენთ. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არსებობს შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც დაევალებათ შესაბამისი გადაწყვეტილების შესრულება. როგორც წესი, მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებები დროის უმოკლეს ვადაში უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა სადრაძემ.