კოჯორში, იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მისულ არჩილ თალაკვაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა „აჩიკო გავრილოვი“ და „რუსეთის მონა“ უწოდეს

კოჯორში იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად მისულ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ონიანმა და აქტივისტებმა „აჩიკო გავრილოვი“ და „რუსეთის მონა“ უწოდა, რასაც სამართალდამცველებსა და მას შორის ხმაური მოჰყვა.

როგორც გიორგი ონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიტუაციის განსამუხტად, სამართალდამცველებმა არჩილ თალაკვაძე ტერიტორიას განარიდეს. მისი თქმით, არჩილ თალაკვაძეს არ აწუხებს საქართველოს ბედი, რის გამოც მან დღევანდელი დღე რუს პოლიტიკოს „სერგეი გავრილოვთან ერთად უნდა იზეიმოს.

„აჩიკო გავრილოვმა მოაწყო პროვოკაცია, მან ზუსტად იცოდა, რა დროს მოვდიოდით, რათა პატივი მიგვეგო იუნკერებისთვის. აბსოლუტურად უსირცხვილო გავრილოვის მასპინძელმა საქართველოში მოინდომა ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოსულიყო და ხალხის დასანახად გარკვეული ქმედებები განეხორციელებინა. ის ჩვეულებრივი რუსეთის მონაა, როგორც სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების 80%. ამ ადამიანმა დღეს სერგეი გავრილოვთან უნდა იზეიმოს. მას არ აწუხებს და არ სტკივა საქართველოს ბედი. ცდილობენ, მთელი ცივილიზებული სამყარო გადაიკიდონ და რუსეთთან პირისპირ დავრჩეთ. ამიტომ, ცხადია, ეს ადამიანი აქ არ უნდა იყოს, ეს არის თვალთმაქცობა. პოლიციამ სცადა, ბატონი აჩიკო გავრილოვი ამ ტერიტორიიდან განერიდებინა ისე, რომ კონლიქტი არ მომხდარიყო. მესმის მათი, თუმცა ასევე კარგად უნდა ესმოდეთ, არის ისეთი სიტუაციები და დრო, როცა მათ თავად უნდა უთხრან, აჩიკო-გავრილოვ, მე ვიცავ მართლწესრიგს, მაგრამ შენი ადგილი აქ არ არის. ძალიან მალე ამასაც ეტყვიან“,-განაცხადა გიორგი ონიანმა.

შეგახსენებთ, რომ საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა.