ხატია დეკანოიძე – ნიკა არის ძალიან მხნედ, მისი გადაწყვეტილება იგივეა, პროკურატურის განცხადება არაფერს ცვლის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ნიკა მელიასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

დეკანოიძის შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსტიტუტი, არ არსებობს და მთლიანად ემსახურება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

მისივე განმარტებით, ნიკა მელიას გადაწყვეტილება იგივე რჩება.

„მოვისმინეთ კიდევ ერთი აბსურდული და, სხვათაშორის, შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსტიტუტი, არ არსებობს და მთლიანად ემსახურება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ისევე როგორც სასამართლო, მართლმსაჯულების ყველა რგოლი.

გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეს ეწინააღმდეგება იმ იდეას, პრინციპს და თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა, საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელსაც სურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, არ იყოს ხელისუფლება, რომელიც ექვემდებარება გავრილოვის დავალებებს, ნიკა მელიას გადაწყვეტილება განპირობებული იყო ზუსტად ამ სამართლიანობის იდეით. პროკურატურის ეს შეშინებული განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, მათ როგორმე მიაღწიონ სასურველ მოზანს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება.

ნიკა მელიამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და იბრძვის თავისუფლებისთვის სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროკურატურის გამო. სადაც არის ახლა ნიკა მელია, იმაზე თავისუფალია, ვიდრე რომელიმე გავრილოვის მსახური. ნიკა მელიას გადაწყვეტილება იგივე რჩება. გვახსოვს, თავიდან იღწვოდნენ იმისთვის, რომ ვინმე სხვას გადაეხადა გირაო, პროკურატურის ეს განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ უსუსური, თავის მართლების მცდელობა. ნიკა არის ძალიან მხნედ, ძალიან კარგად. ამ აბსურდულმა განცხადებამ საერთოდ არაფერი შეცვალა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.