გიგი უგულავამ პოლიციელებს:  თქვენ ხართ მილიცია, ძალიან ბევრი თქვენგანი ღირსების ნაცვლად, აღმოჩნდა უღირსების მორევში

მინდა, მოგმართოთ თქვენ პოლიციელებო, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ხართ მილიცია, აღარაფერი თქვენში არ არის ეროვნული პოლიციის,– ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“  ლიდერმა  გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„თქვენ გქონდათ შანსი, ხუთ თქვენგანს ხმა რომ აემაღლებინა და არ დაეჯერებინა ამ კაცისთვის, რომელიც არის ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“  ზონდერი, ხმა რომ ამოგეღოთ, ქვეყანა ამ დღეში არ ჩავარდებოდა.

თქვენ სამსახურიდან ვერავინ ვერ გაგადგებდათ, მაგრამ თავს შეინახავდით ამ სირცხვილისგან, რაც ქვეყანას თქვენ მოუვლინეთ. ამიტომ, პასუხისმგებლობა დღეს თქვენზეა. სახლში ოჯახი მყავს, კრედიტები მაქვს, ეგ გამართლება არ არის. ქვეყანა თუ დაინგრა, ყველას მოგვეკითხება მერე. ამიტომ, უნდა იცოდეს ყველამ, რომ პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური. ივანიშვილია ყველაფერში დამნაშავე და მე არაფერ შუაში ვარ, როცა გვეტყვიან ესენი (პოლიციელები), ეს ასე არ არის. ინდივიდუალურია პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველანი ჩვენს ქმედებაზე ვაგებთ პასუხს.

ერთი კაცის დასაჭერად მოსული 3 600 ადამიანი ეს პოლიცია არ არის, ეს არის უკვე ბანდა და საქართველოს არ სჭირდება პოლიციის ფორმაში ჩაცმული ბანდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანი ღირსების ნაცვლად, აღმოჩნდა უღირსების მორევში. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს არის ფაქტი. მონა, რომელიც თავისუფლებისთვის არ იბრძვის და მონად დარჩება, ქართულ პოლიციაში მისი ადგილი არ არის და ის ზონდერი, თქვენ უკან რომ იმალება, მისი ადგილი სად არის, ძალიან კარგად ნახავს თვითონ ძალიან მალე“, – განაცხადა უგულავამ.