ალექსანდრე კობაიძე: კვლავ რუსთაველი და კვლავ კარვები, როდემდე?! იმედია, დადგება დრო და ჩვენი შვილების თაობა მაინც იქნება მეტად შემდგარი, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომსწრე

იმედია, დადგება დრო და ჩვენი შვილების თაობა მაინც იქნება მეტად შემდგარი, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომსწრე – ამის შესახებ უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ რუსთაველის გამზირიზე მიმდინარე აქციაზე ყოფნისას განაცხადა.

“ეს რა ეპოქაში დავიბადე: ადრე (90-იან წლებში) ჩემი მშობლების თაობასთან მიწევდა აქციებზე დგომა. ახლა, ჩემს შვილებს უწევთ თავიანთი მშობლების აქციებზე დგომა.

ისმის კითხვა როდემდე?! როდის უნდა შევდგეთ, როგორც სამართლიანი სახელმწიფო?! როდის დადგება ის დრო, რომ მეპურემ პური გამოაცხოს და ყველას არ უწევდეს ფიქრი და მოქმედება, როგორც პოლიტიკოს?!

იმედია, დადგება დრო და ჩვენი შვილების თაობა მაინც იქნება მეტად შემდგარი, სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მომსწრე. თუმცა ამ ღირებულებებისთვის კვლავ ბრძოლაა საჭირო, კვლავ რუსთაველი და კვლავ კარვები, როდემდე?! ალბათ, დღეს თუ ხვალ, შევძლებთ და შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, სადაც ყველას ექნება განცდა, რომ დემოკრატიული, განვითარებული და წარმატებული ქვეყნის შვილია, მაგრამ ამისთვის კვლავ ბრძოლა და მოძრაობა გვმართებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია –  ,,საქართველო ნატოში- ევროპული მომავალი”  არის იქ, წინა ფრონტზე, სადაც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.