სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესები იცლება

სისხლის სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების წესები იცლება – ხანდაზმულობის ვადა სასჯელის ამ სახისთვის 5 წლით განისაზღვრა.

სიახლეს “აღსრულების კოდექსის“ პროექტი ითვალისწინებს, რომლის ინიცირებაც 1-ელი მარტის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

პროექტის გათვალისწინებით, თუკი დაკისრებული ჯარიმის გადახდევინება ვერ ხერხდება, აღმასრულებელი სასამართლოს სასჯელის შეცვლის თხოვნით მიმართავს. სასამართლოსათვის მიმართვამდე აღმასრულებელი დამატებით უზრუნველყოფს მოვალის ინფორმირებას სასჯელის შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე. ამასთან, აღსრულება შეწყდება, თუ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5-წელი.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იცვლება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წესებიც – სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს, ამ შემთხვევაში, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე. ამდენად, თუ დგას სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საჭიროება, ადმინისტრაციული ორგანოს მომართვით ან საკუთარი ინიციატივით აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აღსრულების შეჩერების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რომელმაც შეიძლება შეაჩეროს აღსრულება არაუმეტეს 6 თვის ვადით. პროკურორის მომართვის შემთხვევაში, 6-თვიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მორიგი 1 ან მეტი 6 თვით, თუმცა, შეჩერების საერთო ვადა 24 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება სხვა აღსასრულებელი აქტების აღსრულების შეჩერებას, განსაკუთრებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს აუქციონი ან შეაჩეროს აღსრულება არაუმეტეს 6 თვის ვადით.