ნუთუ მართლა არ გვესმის, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო გუშინ და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს – სალომე ზურაბიშვილი

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მისი აქტიური ჩართულობისთვის და მივესალმო პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების კონსტრუქციულ მონაწილეობას, თუმცა აღნიშნა, რომ ის, რაც გუშინ, ორბელიანების სასახლეში მოხდა, კარგად გააზრებული არ არის.

„გუშინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და დაიწყო პროცესი, რომელიც დღის ბოლოს ორბელიანების სასახლეში დაგვირგვინდა.

ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისსა და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ – სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული – პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით.

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.