ნათია თურნავა: როცა ვინმე დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილია, ან ცდება ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს

მინდა, მოსახლეობის გასაგონად ვთქვა, თუკი რომელიმე პირი დაჟინებით ქადაგებს, რომ ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა მოგონილი რამ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირი ან ორგანიზაცია უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი ან არ ემსახურება ქართულ ინტერესებს, – ეს განცხადება, პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.

„ამ შემთხვევში, ეს განცხადებები ემსახურება სხვა ენერგოექსპორტიორი ქვეყნის და კომპანიების ინტერესებს. ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს.

ამასთან, მცდარია შეფასებები, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არ ზრუნავენ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე. „ეს არასწორი მსჯელობაა. მოგახსენებთ, რომ ევროპის 29 სახელმწიფო ტექნიკურად დღეს მზადაა თავისი ენერგორესურსებით, იმპორტის გარეშე უზრუნველყოს მოსახლეობის 99,9%. აქ საუბარია ევროპაზე, სადაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები არის ჰარმონიული და არა ისეთი, როგორ ტურბულენტურ რეგიონშიც ჩვენ ვიმყოფებით“, – აღნიშნა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.