თეა წულუკიანი: მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის აღვირახსნილი ძალა, რომელსაც გაუხარდება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება.

„თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია. კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ და ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება და საბოლოო წერტილი რომ დაესვას, ეს საკითხებია გამოსაძიებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.