გურჯაანში გარდაცვლილი ბავშვის დედა: ბავშვი გულზე მყავდა მიხუტებული და როდესაც მეუღლემ  ღუმელი მესროლა, თავში მოხვდა, აკვიატებული ჰქომდა, ეს ბავშვი ან უნდა მოვკლაო ან ღუმელში დავწვაო

გურჯაანში ოჯახური ძალადობის დროს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოჯახში ხშირი იყო ჩხუბი, მეუღლე კი სვამდა.

მისივე თქმით, მის მეუღლეს აკვიატებული ჰქომდა, რომ ბავშვი ან უნდა მოვკლა ან ღუმელი დაეწვა.

„ჩემმა მეუღლემ ჩემსკენ საცემად გამოიწია. მე ამ დროს ბავშვი მეკავა ხელში.  თავის დაღწევა მინდოდა, მაგრამ გასაქანს არ მაძლევდა. განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებს ვუძახდი მიშველეთ-მეთქი, მაგრამ არავინ გამოვიდა დასახმარებლად.

ბავშვი გულზე მყავდა მიხუტებული და როდესაც მეუღლემ  ღუმელი მესროლა  თავში მოხვდა. სროლის დროს ზურგი მივუშვირე, დავარდი   და თმებში მწვდა,  ვუთხარი –   რას აკეთებ, ბავშვი უნდა მომიკლა-მეთქი? მიპასუხა, რომ როგორც მე გამამწარეს, ისე თქვენ გამწარდებითო,

აკვიატებული ჰქომდა, რომ ეს ბავშვი ან უნდა მოვკლა ან ღუმელს შევუკეთებო. წინათაც იყო მსგავსი შემთხვავა და მაშინ პოლიციამ 2 000- ლარიანი ჯარიმა დაუწერა. ხშირად სვამდა და ხშირად ვჩხუბობდით,“ – ამბობს 8 თვის გარდაცვლილი გოგონას დედა.

ცნობისთვის, გურჯაანში გუშინ ოჯახურ ძალადობას  8 თვის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

შსს ცნობით,  1985 წელს დაბადებულმა ზ.შ-მ 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.