მამუკა ხაზარაძე – ფარული ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები აკრძალული უნდა იყოს, მაგრამ თუ პროკურატურა მხოლოდ კონვერტით ინტერესდება და არა შინაარსით, ეს სერიოზული პრობლემაა

საერთოდ, ფარული ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები ამ ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს. ვგმობ, ასეთ პრაქტიკას, მაგრამ თუ პროკურატურა მხოლოდ კონვერტით ინტერესდება და არა შინაარსით, ეს სერიოზული პრობლემაა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის განმარტებით, ქვეყანაში საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებულია, რასაც ხელს „ქართული ოცნება“ უწყობს.

„თუ კარგად წავიკითხავთ IRI-ის ანგარიშს, იქ ძალიან კარგად წერია, ის ძალადობა, წინასაარჩევნო სიტუაცია, რომელიც ამ ქვეყანაში იყო და ამიტომ ამოგლეჯილად ნებისმიერი დოკუმენტის წაკითხვა არასწორია. საკამათო თემაა, რადგან პანდემიის პირობებში, ჩვენ არჩევნებზე ძალიან ცოტა დამკვირვებელი გვყავდა, ეს ყველამ ჩვენ თავზე ვიწვნიეთ, ფაქტია, რომ ჩვენ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო და ჩატარდა იმ ბოლო 30-წლიანი გამოცდილებით, რომელსაც პოსტსაბჭოთა გამოცდილებას ვარქმევ. ვილაპარაკოთ მომავალზე, ფაქტია, რომ დღეს არის კრიზისი, რის გამო აღმოვჩნდით ამ კრიზისში, თითქმის, აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ქვეყანა შუაზეა გაყოფილი, საზოგადოება ერთმანეთთან დაპირისპირებულია, ამას სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ სერიოზულად უწყობს ხელს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეროვნული კონსოლიდაცია მოხდეს, უნდა მოხდეს სერიოზული კონსოლიდაცია ეროვნული იდეის გარშემო, უნდა მოხდეს ეროვნული შეთანხმება და უნდა ვიაროთ წინ. ამიტომ, წარსულში ყურებას უკვე თავი უნდა დავანებოთ, ფაქტია, რომ კრიზისში ვართ და ფაქტია, რომ გამოსავალი ერთად უნდა მოვძებნოთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მან ასევე ისაუბრა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც.

„საერთოდ, ფარული ჩანაწერები, პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები ამ ქვეყანაში აკრძალული უნდა იყოს. მე ვგმობ ასეთ პრაქტიკას, მაგრამ თუ პროკურატურა მხოლოდ კონვერტით ინტერესდება და არა შინაარსით, ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ არსებობს დანაშაულის შემცველი ნიშანწყალი ასეთ საქმეში, არის დიდი საჯარო ინტერესის მატარებელი, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება. თუმცა, ვიმეორებ, ამ პროკურატურის იმედი არ გვაქვს, რადგან პოლიტიზირებული, მართული პროკურატურაა და სანამ მთლიანად ამ სისტემას არ შევცვლით, ამ ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა არ დადგება“, – განაცხადა ხაზარაძემ.