შალვა პაპუაშვილი: როგორც არ უნდა დასრულდეს დიალოგი, საზოგადოება გაიგებს, რომ ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“

ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს მოლაპარაკებები, საზოგადოება გაიგებს ორ რამეს. პირველია ის, რომ ამ მოლაპარაკებების დროს ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“ და ხალხი გაიგებს, რა შეთავაზებები გვქონდა ჩვენ. მეორეა ის, თუ როგორია ევროპელი და ამერიკელი მეგობრების პოზიცია, რომლებიც გაიზიარებენ იმ ნაწილს, რომ „ქართული ოცნება“ იყო კონსტრუქციული, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, ვინაიდან ვნახეთ, რომ მედიატორის ჩართვა გახდა საჭირო და ის უფრო აქტიურ როლს თამაშობს. ერთი მხრივ, ამან აჩვენა, რომ ევროკავშირისთვის ინტერესებშია საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. გარდა ამისა, ფასილიტატორებმა ნახეს, რომ ოპოზიციის ნაწილის კონსტრუქციულობისკენ შემოტრიალება რთული იყო და ამიტომ საჭირო გახდა მედიატორის ჩართვა. თუ გავიხსენებთ შარლ მიშელის ვიზიტს, საღამოს ყველა მონაწილე, მათ შორის ჩვენი ოპონენტები ძალიან კონსტრუქციულები იყვნენ, თუმცა მეორე დღეს, როდესაც შარლ მიშელის თვითმფრინავი ჯერ აფრენილიც არ იყო, მათ პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს. რამდენიმე საათში მათ პიკეტიც მოხსნეს და დაანონსებული აქციებიც გადადეს, ვინაიდან მათ მიიღეს ევროპიდან შესაბამისი რეაქცია. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ვინმე ამ მოლაპარაკებებზე სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ეს არის „ქართული ოცნება“ და საზოგადოება ამაში დარწმუნდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა .