არჩილ თალაკვაძე – ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები, ვფიქრობთ, ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს

ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული, ვფიქრობთ, ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დღე მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ მივესალმებით და მადლობას ვუხდით ევროკავშირს ასეთი მაღალი ჩართულობისთვის და დიალოგის ფასილიტაციისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება, ჯერ კიდევ რჩება სამუშაო საკითხებზე, რათა პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს.

ჩვენ გვაქვს სამართლიანი შეთავაზებები გაკეთებული. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს, ვინაიდან, ამ შეთანხმების გადაწყვეტის მთავარი გზა არის, რომ მხარეებმა გადადგან ნაბიჯები და არა მხოლოდ ხელისუფლებამ გააკეთოს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სამართლიანი შეთავაზებების სახით უკვე არის გაკეთებული. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით მხარდამჭერების არჩევანს. რა თქმა უნდა, შეთანხმება შესაძლებელი არის მხოლოდ სამართლიან პირობებზე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, აქვს იმედი, რომ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას შეძლებენ.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის და ნებისმიერი პარტიის დღის წესრიგზე მაღლა დღეს დგას საქართველოს კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციის, დემოკრატიის გაძლიერების, ევროინტეგრაციის ამოცანები მაშინ, როდესაც რეგიონში არის გარკვეული გამოწვევები, ცვლილებები, როდესაც პოსტკოვიდური ეკონომიკა სწრაფ აღდგენას მოითხოვს და როდესაც საჭიროა სიღარიბის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, ზუსტად ამ ამოცანების გარშემო და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული დღე, როდესაც ოპოზიცია რჩება ხელოვნურ კრიზისში და ბოიკოტში, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაკარგული დღე. ამიტომ კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას. დიალოგი გაგრძელდება. ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა.

პრემიერ-მინისტრს ექნება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ის კონკრეტულ გეგმებს და ხედვას სახელისუფლო გუნდის მხრიდან წარადგენს. ასევე ვფიქრობ, დღეს უკვე ამ შეხვედრების შემდეგ ევროკავშირს აქვს ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია და ცოდნა, თუ რეალურად რა იყო აქამდე ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარებულიყო. ძალიან მალე ამას საზოგადოებაც გაიგებს და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება, რომ შეაფასოთ, რამდენად კონსტრუქციული და სამართლიანი იყო ხელისუფლება ამ მოლაპარაკებებში“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.