თენგიზ ცერცვაძე: ჩემ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ

ყველამ შესაძლოა მართლა ვერ გაიგო, ან უბრალოდ ვერ იჯერებს, თუ როგორ შეიძლება საქართველო COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაში ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებს სჯობდეს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

კლინიკის ხელმძღვანელი კოვიდის საკითხებზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და მის ოპონენტებს პასუხობს. ცერცვაძე მათ მიმართავს და ამბობს, რომ სალანძღავად ის ძალიან ცუდი სამიზნეა და რასაც ისინი მასზე წერენ, სიმართლეს არ შეეფერება.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს ა.წ. 13 მარტის პოსტს არანაკლები ლანძღვა-გინება მოჰყვა, ვიდრე 10 მარტის პოსტს. იგივე ლექსიკა, იგივე შინაარსი და არცერთი არგუმენტი. მე ისევ შეგნებულად არ ვბლოკავ მათ კომენტარებს, რათა მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან.

რა თქმა უნდა, არცერთ მათგანთან პოლემიკაში არ შევდივარ, გარდა ერთისა. მინდა ვუპასუხო მხოლოდ ბატონ დავით ჩიხლაძის კომენტარს, ვინაიდან ყველამ შესაძლოა მართლა ვერ გაიგო, ან უბრალოდ ვერ იჯერებს, თუ როგორ შეიძლება საქართველო COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაში ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებს სჯობდეს.

პანდემიის კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება ძალიან ბევრი კრიტერიუმით არის შესაძლებელი, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: 1. COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR და 2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა.

1.COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე და არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაზე. ეს მაჩვენებელი პირდაპირ და ყველაზე კარგად ასახავს, თუ როგორია COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის (რაც ჩვენი, როგორც მკურნალი ექიმების, უშუალო მოვალეობაა) ხარისხი. ამ მაჩვენებლით საქართველო (CFR – 1.33%) ცალსახად და ნამდვილად სჯობნის აშშ-ს (CFR- 1,82%) და ევროპის 41 ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც (CFR – 1.83%) და აზერბაიჯანსაც (CFR – 1.37%), აგრეთვე იაპონიას (CFR –1.92%), სამხრეთ კორეას (CFR –1.74%) და ავსტრალიასაც (CFR –3.12%) (ეს 3 ქვეყანა იმიტომ მომყავს, რომ სამაგალითოდ ითვლება).

2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე ინტეგრალური მაჩვენებელია და დამოკიდებულია არამარტო კლინიკური მართვის ხარისხზე, არამედ ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფთა საერთო (კუმულაციურ) რაოდენობაზეც. ეს უკანასკნელი უშუალოდ ჩვენზე (მკურნალ ექიმებზე) არ არის დამოკიდებული და ამას სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. მაგალითად, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებები და სხვ.

ამ მაჩვენებლით საქართველო (914 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) სჯობნის აშშ-ს (1641 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) და ევროპის 32 ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც (1093 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე), თუმცა ვერ სჯობნის აზერბაიჯანს.

იქნებ მანახოთ, ოღონდ სერიოზულად რომელიმე დარგი ქვეყანაში, მათ შორის მედიცინაში, რომელშიც საქართველო აშშ-ს და ევროპის 41 ქვეყანას ან თუნდაც 32 ქვეყანას სჯობს და ამას COVID პანდემიის ძალიან წარმატებული კლინიკური მართვა არ ჰქვია?! მით უმეტეს, რომ საქართველომ ამას მიაღწია ევროპის ქვეყნებზე გაცილებით უფრო მწირი რესურსებით და რაც მთავარია, ვაქცინის გარეშე. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ორიდან ერთ-ერთი მაჩვენებლით აზერბაიჯანი გვჯობნის, არაფერს ცვლის, ვინაიდან ყველა ქვეყანას ყველაფერში ვერ აჯობებ და ეს არც არასოდეს გვითქვამს. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანში და სხვა პოსტ-საბჭოთა აღმოსავლეთის ქვეყნებში COVID-19-ით სიკვდილიანობის აღრიცხვა ევროპისგან და ჩვენგან განსხვავებული პრინციპით ხდება.

კიდევ ერთი სერიოზული მაჩვენებელი- საქართველოს აქვს ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროში) COVID-19-ით გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 შემთხვევა). მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის სხვა ქვეყნებს ასობით და ათასობით ჰოსპიტალს გარეთ COVID-19-ით გარდაცვლილი ჰყავთ. ეს ცალსახად მიუთითებს COVID-19-ით პაციენტთა ნაკადების ძალიან კარგ მართვაზე.

ის, თუ რატომ ვედრებით ძირითადად აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს, მე მგონია სავსებით გასაგებია, რადგან ჩვენ ევროპის რეგიონის ქვეყანა ვართ, ხოლო მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე პანდემიას სულ სხვა კანონზომიერებები აქვს და ავადობის/სიკვდილიანობის​ აღრიცხვის მეთოდიკაც განსხვავებულია.

თუ ვინმეს მაინცდამაინც უნდა, რომ რომელიმე დაავადების მართვაში საქართველო ყველა ქვეყანას სჯობდეს, ასეთი C ჰეპატიტია, სადაც საქართველო მსოფლიო ლიდერების მიერ ოფიციალურად არის შერჩეული C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყანად და ამ პროგრამით უკვე გადარჩენილია 73 ათასი ადამიანის სიცოცხლე.

ისე ბატონო დავით, რატომ გაღიზიანებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებები COVID-19-ის კლინიკურ მართვაში?! პირიქით, არ უნდა გიხაროდეთ? სიკვდილიანობის​ თითოეული პროცენტის და ასე განსაჯეთ, მეათედი პროცენტის უკან ხომ ათასობით გადარჩენილი ქართველის სიცოცხლე დგას.

ჩემ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ სალანძღავად მე ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ – რომ მე ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია, COVID ავადმყოფებს ცუდად ვმართავ, ყველაფერს ფულისთვის ვაკეთებ, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ა.შ. სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში ყველაფერი დიამეტრალურად პირიქითაა. ეს მთელმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ჩემი ოპონენტების მიმართ ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო დაბლა დაიწევს.

ასეთია სინამდვილე COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამაში დარწმუნდეს. ვფიქრობ, ეს თვითონ ჩემმა ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან“, – წერს ცერცვაძე.