კახა კალაძე: ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს

ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ასოცირების საბჭომ ასევე მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

„ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება-განვითარება. ასოცირების საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ასოცირების საბჭომ ასევე მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო 2020 წლის არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტზე“, – განაცხადა კალაძემ.