ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს: მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა

ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ, საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„2020 წელი აღინიშნა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის მიღებით. ეს განახლებული შეთანხმება მას უფრო ამბიციურ დონეზე გაიყვანს და მეტად იქნება მორგებული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე. მადლობას ვუხდი ყველა მოკავშირეს ამ აქტიური მხარდაჭერისთვის. იმედი გვაქვს, რომ ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს. ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჩვენ ვაძლიერებთ რეფორმებს და წინ მივიწევთ ინტეგრაციის პროცესში, მიუხედავად შიდა და გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა. ეფექტურობაზე დაფუძნებული მიდგომა კვლავ რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მთავარ ასპექტად, ამიტომ, საქართველოს წვლილის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დაწინაურების დრო დადგა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება სრულად შესრულდება, რაც გამოიწვევს კონკრეტულ და ხელშესახებ ნაბიჯებს, რომლებიც ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს სრულ გაწევრიანებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.