თამარ გაბუნია: გასულ წელს ანაფილაქსიით გარდაცვალების 2 შემთხვევა აღირიცხა

სამწუხაროდ, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება. ბუნებრივია, ეს არ უკავშირდებოდა აქამდე კორონავირუსის ვაქცინას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკაში დაახლოებით 40-60 შემთხვევაა აღწერილი და გასულ წელს ანაფილაქსიით 2 გარდაცვალების ფაქტია აღრიცხული.

„ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანსა და უნდობლობას მოსახლეობაში, ამიტომ შევეცდებით სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ იმისთვის, რომ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან დაკავშირებით“ , – განაცხადა თამარ გაბუნიამ.