ალეკო ელისაშვილი – ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ

ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ნამუსიანი საქციელია, როდესაც დეპუტატები პარლამენტში არ დადიან და ხელფასს იღებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას კანონპროექტზე, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ამის ზემოქმედებად განხილვა მოსალოდნელი იყო.

„კარგია, რომ ასეთი შეფასებაა და ეს მოსალოდნელიც იყო. რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოს საქმეებში ერევა, ამიტომ მოდი, ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ავკრძალოთ და რეგისტრაცია გავუუქმოთ. ეს დემოკრატიული და ნორმალური იდეა ნამდვილად არ არის, ისევე, როგორც დაფინანსების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ამის ზემოქმედებად განხილვა.

ესეც გაუგებარია, ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას რომ იღებენ და თან ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თან ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ეს კიდევ კარგი, გავიგოთ, გარკვეული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მაგრამ დეპუტატები, რომლებიც არ დადიან პარლამენტში და ხელფასს იღებენ, აქ ვერანაირი ვენეციის კომისია ვერ აგვიხსნის, რომ ეს ნამუსიანი და სწორი საქციელია. ამას ვერავინ ვერასდროს განგვიმარტავს და ვერ აგვიხსნის“, – განაცხადა ელისაშვილმა.