ღმერთმა მაპატიოს, გარდაცვლილია – ადა მარშანიას სკანდალური განცხადება ზვიად გამსახურდიაზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ადა მარშანია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ ხმაურიან განცხადებას აკეთებს და მას  აფხაზ სეპარატისტ  ვლადისლავ არძინბასთან ერთად, „ქაჯად” მოიხსენიებს.

მარშანიას თქმით, „ქართველებს არ გაუმართლათ, რომ მათ ჰყავდათ გამსახურდია“.

„მაპატიოს ღმერთმა, ორივე გარდაცვლილია, მაგრამ ეს ორი ქაჯი პრეზიდენტებად არ უნდა ყოფილიყვნენ. პოლიტიკაში თუ იქნებოდნენ – კი ბატონო, დისიდენტები – კი ბატონო, მყვირალა ოპოზიციაში – კი ბატონო, პატიოსან ოპოზიციაში კი ბატონო, მაგრამ ხელისუფლებაში?! პრეზიდენტებად?! ქვეყნის მართვაში?! უკაცრავად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. მათი თავი არ მუშაობდა ისე, როგორ უნდა ემუშავა პოლიტიკოსის თავს“, – ამბობს ადა მარშანია.

ადა მარშანიას ამ განცხადებას პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქზე”  ეხმაურება:

„პოლიტიკური აზრის გიგანტი ადა მარშანია ღაღადებს: “გამსახურდია და არძინბა ქაჯები იყვნენ”.

ნეტავ ვის ქაჯობაზე საუბრობს ეს ედიკას სეფექალი, მართლაც ქაჯეთის პრინცის, როსანის (შდრ. რუსთაველის უკვდავი პოემა…) გულისსწორი?

ვიღაცებს ვერ მოუნელებიათ, მაშინ რომ ომი აირიდა საქართველომ და აიძულა სეპარები, ეცნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ეს გამსახურდია-ალექსიძის კანონის, 26-28-11-ის შედეგი იყო. მანამდე, დამოუკიდებლობაზე 31 მარტის რეფერენდუმიც ყველგან ჩატარდა – მათ შორის გუდაუთაშიც, ტყვარჩელშიც, გაგრაშიც, ოჩამჩირეშიც.

აი ეს არ ასვენებთ მათ. სწორედ იმ „ვიღაცების“ რუპორია ეს ჰორმონალურ-ისტერიული  „პატრიოტი“. დააკვირდით, რას ითხოვს – ომი მაშინვე უნდა დაწყებულიყო, რომ რუსეთის გენშტაბს და სპეცსამსახურს აფხაზეთი მაშინვე წაერთმია ჩვენთვის და დახოცილიყვნენ ჩვენი საუკეთესო ბიჭები. საუბედუროდ მერე მაინც მოუწიათ, ღმერთმა ყველა გმირი გაანათლოს; ოღონდ მსუბუქი იარაღით ხელში, ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით დარჩენილებს – მას მერე, რაც მისმა პოლიტიკურმა მშობელმა სოჭის ხელშეკრულებით მძიმე შეიარაღებისგან სრულიად დაცალა ქართული მხარე“, –  წერს გამსახურდია Facebook-პოსტში.