ირაკლი კობახიძე – ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას სჭირდება მოგვარება, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორებთან, ასევე მცდელობები ოპოზიციურ პარტიებთან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას სჭირდება მოგვარება.

კობახიძის თქმით, კრიზისის გადასაჭრელად მცდელობას არ დააკლებენ.

„ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და ამას სჭირდება მოგვარება, ბუნებრივია, ამისთვის ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან. შეიძლება, იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება – კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ, ჩვენ გვექნება მცდელობა და კონსტრუქციული მიდგომა ყველა თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებს რეფორმების განხორციელებაზე, ხოლო რაც შეეხება ამნისტიას, ეს იყო შეთანხმების ნაწილი.

„რეფორმებზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, სხვა თემები იყო შეთანხმების ნაწილი. ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა, აქ ხომ რთულ თემებზე არ ვსაუბრობთ. თუ ადამიანი არ არის პოლიტიკოსი, თუ არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია და საუბარი საერთოდ ზედმეტია, მათ შორის, „სირცხვილიაც“ პოლიტიკური ორგანიზაციაა ყველამ იცის. ამნისტია იყო რა თქმა უნდა შეთანხმების შემადგენელი ნაწილი, ეს არ არის რაღაც რეფორმების პაკეტი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამაზე ჩვენ არ ვიღებთ პაუსიხმგებლობას, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ რეფორმების განხორციელებაზე, რაც შეეხება ამნისტიას, ეს იყო უბრალოდ შეთანხმების ნაწილი“, – დასძინა კობახიძემ.