ანრი ოხანაშვილი – 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, ციხეში არ მოხვედრილიყო, დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელებს შორის მყოფი ნიკა მელია კი, „ქართული ოცნების“ პირობებში ციხიდან არ გამოდის

2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, რომ ციხეში არ მოხვედრილიყო და იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელებს შორის, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იყო ნიკანორ მელია, ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ პირობებში ციხიდან არ გამოდის​, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ნიკანორ მელიას ციხიდან გამოსვლა არ უნდა, ეს ფაქტია და ამას ყველა ხედავს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის პატივს სცემს იმ წესებს, რომელიც ყველა მოქალაქისთვის საერთოა და რომელიც მასზეც ვრცელდება, მან ერთი კონკრეტული ქმედება უნდა განახორციელოს. ის, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ამის შედეგად პროკურატურა მზად არის, ქმედება განახორციელოს, რის შედეგადაც ნიკანორ მელია პატიმრობაში არ იქნება. ამიტომ სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება პატიმრობაში თუ არა. 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, რომ ციხეში არ მოხვედრილიყო და იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელებს შორის, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იყო ნიკანორ მელია, ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ პირობებში ციხიდან არ გამოდის. მე არ ვადანაშაულებ რაიმე კონკრეტულ ქმედებაში. მე ბრალს არავის ვდებ, მით უმეტეს ეს პროცესი მიდის. ის იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელობდა და ყველამ ძალიან კარგად ვიცით ის საქმეები, რა, როგორ ხდებოდა. ასევე კონკრეტულ საქმეშიც არის ეს ფაქტები და განაჩენიც დამდგარია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.