მამუკა ხაზარაძე – პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან – მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს

პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან, -ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასამართლოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს.

„დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება – „ოცნების“ სასამართლო და პროკურატურა. ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, სადაც პოლიტიკოსები წყვეტენ ვინ და როდის უნდა დაიჭირონ, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო კი აფორმებს ამ გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება.

მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება.