„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი – პატივისცემით ვუდგებით პატრიარქის მოწოდებას, მზად ვართ, გვერდზე გადავდოთ პირადი დამოკიდებულებები და ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისგანაც

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეების განცხადებით, კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან სამართლიანი შეკითხვები აქვთ.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი მირზა ნოზაძე აცხადებს, პატივისცემას გამოხატავენ რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადების მიმართ და პატრიარქის ყველა სიტყვას იზიარებენ.

მისივე თქმით, დიალოგის და ჰესის აშენება-არაშენების საკითხი მხოლოდ მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური კითხვები და მოვითხოვთ, ხელისუფლებამ აღიაროს ეს. თუ მათ ამ კითხვებზე პასუხი აქვთ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ პატივისცემით და დიდი მოწიწებით ვუდგებით პატრიარქის მოწოდებას, მის განცხადებას. რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ყველა მის სიტყვას. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. როგორც პატრიარქმა მოგვიწოდა, ჩვენ მზად ვართ და ასეც ვაცხადებდით, რომ გვერდზე გადავდოთ ჩვენი პირადი დამოკიდებულებები და ამას მოვითხოვთ ხელისუფლებისგანაც, გვერდზე გადადონ თავიანთი დამოკიდებულება, რომ ჰესი აუცილებლად აშენდება. დასხდნენ მოლაპარაკების ფორმატში მხოლოდ იმ განწყობით, რომ მოლაპარაკების შედეგად განვსაზღვროთ, ჰესი უნდა აშენდეს თუ – არა“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშრებით საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება.

განცხადების თანახმად, საპატრიარქო მოუწოდებს ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას.