უკრაინის ფინანსთა მინისტრი სააკაშვილზე – შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი – უკრაინაში უკვე გვაჩვენე გუბერნატორობა, ახლა კი ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას, შენ ხარ „ფეიკისტორია“

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ეთერში მის კორუფციაში დადანაშაულებისთვის, გამოცემა LB.ua -სთან  ინტერვიუში  „შულერი“ უწოდა.

„შულერია დიდი გზიდან, ჩამოსული გასტერბაიტერი. ის ჩამოვიდა, რათა რაღაც იდეები განეხორციელებინა, რომლებიც არ მოუვიდა, ახლა კი ცდილობს თავის პრობლემებში ვინმე სხვა დაადანაშაულოს. მე ამომირჩია. მე ამას არ მოვითმენ. ამიტომ ვამბობ, რომ პირობითო ამხანაგო „ს“, გვიჩვენე, რა შეგიძლია. უკრაინაში უკვე გვაჩვენე გუბერნატორობა, ახლა კი უბრალოდ ცდილობ საპნის ბუშტის გაბერვას. შენ „ფეიკი“ ხარ, შენ ხარ „ფეიკისტორია“, შენ უბრალოდ ინფორმაციით გკვებავენ, რადგან, რატომღაც, მიიჩნევენ, რომ ხელზე უნდა გატარონ“, – განაცხადა მარჩენკომ.

მინისტრის თქმით, ისურვებდა, რომ სააკაშვილისთვის ეკითხა, ვინ არის ისეთი და რა გააკეთა უკრაინისთვის, რომ თავს უფლებას აძლევს, ის, როგორც ფინანსთა მინისტრი რამეში დაადანაშაულოს?

„ისინი ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, რომ აი, მე ახლა გავხსნი უკრაინის საბაჟოს და ყველა კარგად იქნება, პირობითად. ისინი აკეთებენ ასეთ წინადადებებს ყოველგვარი მცირედი ანალიზის გარეშე. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ისინი გვადანაშაულებენ იმაში, რომ ჩვენ კორუფციონერები ვართ. განა ეს ნორმალურია?“ – აცხადებს უკრაინის ფინანსთა მინისტრი.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფინანსთა მინისტრი კორუფციაში დაადანაშაულა ტელეკომპანია „უკრაინის“ ეთერში გადაცემაში „სავიკ შუსტერის სიტყვის თავისუფლება“.