ჩინური “სინოფარმით“ სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და „ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანები აიცრებიან – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.

4 მაისიდან დაიწყება „სინოფარმით“ აცრა, ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია აცრილი. ეს ვაქცინა 100 ათასი დოზით გვაქვს, მალე შემოვა მეორე ჩინური კიდევ 100 ათასი და „სინოფარმის“ დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა კიდე ვიქნება ივნის-ივლისში.“,- აცხადებს გამყრელიძე.