სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში მობილობის შემცირების მიზნით, სასაფლაოზე გასვლა შეუზღუდება და  ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი; ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე”, – აღნიშნა ღიბრაძემ.

გარდა ამისა, 4-12 მაისის პერიოდში, უქმე დღეებში შეუზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც.