პარლამენტში შემოსვლის ემოცია ჰგავს იმას, გარემონტებულ სახლში რომ შეხვალ, მე ამ შენობაში პრარაბად ვიყავი – დავით უსუფაშვილი

პარტია “ლელოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში შესვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ემოციები ჰგავს ემოციას, გარემონტებულ სახლში რომ შეხვალ. მისივე თქმით, ქვეყანა არის უფსკრულის პირას და სწორედ ამის გამოსასწორებლად იყო საჭირო შეთანხმება მხარეებს შორის.

“ახლა, პარლამენტში შემოსვლისას, ჩემი ემოციები ჰგავს იმას, სახლში რემონტს რომ გააკეთებ და შემდეგ გარემონტებულში შეხვალ. მე ამ შენობაში ფაქტობრივად, პრარაბად ვიყავი, როდესაც ეს დაქცეული და გაპარტახებული შენობა აღვადგინეთ. მაგრამ აქ ახლა, ჩემს ემოციებს აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ქვეყანა არის უფსკრულის პირას და დიდი გაჭირვებაა, ეს ყველაფერი მოსაბრუნებელია და სწორედ ამას სჭირდებოდა შეთანხმების დადება და ახლა მისი შესრულება,” – განაცხადა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

6 თვიანი ბოიკოტის შემდეგ, დღეს პირველად ოპოზიცია პარლამენტში შევიდა. მეათე მოწვევის მუშაობაში ის პარტიები და პოლიტიკოსები ერთვებიან, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ვალდებულებად სწორედ საკანონდებლო საქმიანობაში ჩართვა აიღეს.