გიორგი ვაშაძე – ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი ის არის, რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი – არჩევნების მერე შემომთავაზეს, ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ-მეთქი

ყველა კარგი ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს, ამიტომ, ვფიქრობ, მელიასაც შეიძლება მოუწიოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

„ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერე რომ მეგონა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გავასწორებდი, მაგრამ ეს პარტია არ სწორდება. შეიძლება ახალგაზრდა ვიყავი. ყველა ადამიანი პროცესს საკუთარი გადასახედიდან უყურებს. ყველაფერი დაარღვიეს. 2020 წელს ისანში გამარჯვების შანსი მქონდა, შემოვარდნენ და კანდიდატი დამიყენეს. რატომ დამიყენეს იცით? – ოღონდ მე, გიორგი ვაშაძეს კარგი შედეგი არ დამედო“,-განაცხადა ვაშაძემ.

მან, „ნაციონალური მოძრაობა“ „გადამგდები“ ძალად შეაფასა.

„2012 წლიდან მოყოლებული ეს ხალხი გიჟივით სულ მებრძვის ხოლმე ყველა პროცესში და რატომ მებრძვის, ვერ გავიგე. ყველაზე მეტად გული მტკივა იმ ამომრჩეველზე, რომლებსაც ეს ხალხი ატყუებს. როგორც „ქართული ოცნებაა“ გადამგდები და ახლა ამნისტიის კანონშიც დამატებითი ჩანაწერი გააჩინა, ზუსტად ისე არის „ნაციონალური მოძრაობა“. არ მისაუბრია საჯაროდ ამაზე და ახლა საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად ვისაუბრო. ინდივიდუალურ შეხვედრაზე შემომთავაზეს კიდეც საპარლამენტო არჩევნების მერე, მოდი ისევ ვითანამშრომლოთო, კარგად იყავით, თავი დამანებეთ, აღარ მინდა თქვენი მოტყუებები და გადაგდებები მეთქი“,-განაცხადა ვაშაძემ.