ქორწილების, ქელეხების, ბანკეტებისა და სხვა მსგავსი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქებინა შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.