კახა კუჭავა: გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე, ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა

ჩვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანია მშვიდობიანი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ გამოწვევები და შევძლოთ შეუქცევადი განვითარება. სწორედ ამას ელოდება ჩვენგან ხალხი. სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მის შენარჩუნებას დღესაც არანაკლები შრომა და თავდადება სჭირდება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა კუჭავამ.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველო აღიარებულია როგორც ლიდერი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. „გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა. ეს გვავალდებულებს ყველას, მთელ საზოგადოებას, ხელისუფლებას და ოპოზიციას, ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავს, ერთობლივი ძალისხმევით ვიაროთ მიზნისკენ, რომელიც გვაერთიანებს – ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გავხდეთ დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი“, – აღნიშნა კუჭავამ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ ამ გზაზე, კეთილგონიერება ყველას ეყოფა. „დარწმუნებული ვარ, ყველას გვეყოფა კეთილგონიერება და ქვეყნის ინტერესს დავაყენებთ ყველაფერზე მაღლა. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, საქართველო ვაქციოთ სტაბილურ, მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნად, ლიდერად არა მხოლოდ რეგიონში. ამას ელოდებიან ჩვენგან ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ამის პოტენციალს ხედავენ ისინი საქართველოში. მინდა დღეს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვისაც სჯერა საქართველოს სახელმწიფოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის და გვერდში გვიდგას ამ საქმეში. მათ შეუძლიათ გვიგულონ საიმედო და ერთგულ პარტნიორად.

წარმატებული საგარეო დღის წესრიგის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ ოკუპაცია რჩება. საქართველომ აირჩია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზა. მხოლოდ მშვიდობისა და შერიგების გზით, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ნდობის აღდგენით მივაღწევთ მიზანს და მათთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში. დეოკუპაციის პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ჩვენი რეგიონის სტაბილურობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თაობა შეძლებს და საქართველო სულ მალე გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ასრულდება ჩვენი სახელოვანი წინაპრების ოცნება, ეს გახლავთ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნა კუჭავამ.