სალომე ზურაბიშვილი – პოლონეთი მომავალ წელს ხდება ეუთო-ს თავმჯდომარე და მზად არის, გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება, რათა ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს განცხადებებში

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო-პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე  ისაუბრა.

მისივე თქმით, მომავალ წელს პოლონეთი ეუთო-ს თავმდჯომარე ქვეყანა ხდება და მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება, რათა ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს განცხადებებში.

„ მადლობელი ვარ პოლონეთის პრეზიდენტის, რომ პოლონეთი მომავალ წელს ხდება ეუთო-ს თავმდჯომარე და პოლონეთი მზად არის, ჩვენ გაგვიწიოს ყველანაირი დახმარება, რათა ოკუპაციის საკითხი წინა პლანზე იყოს ეუთო-ს პოლიტიკურ აქტიურობასა და განცხადებებში.

მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი მომავლისა, რადგან ევროკავშირში გვყავს ძალიან ძველი და ძლიერი მეგობარი, პარტნიორი. და ბოლოს, ჩვენ დავათვალიერეთ არქეოლოგიური აღმოჩენები, რომელიც გაკეთდა ქართულ-პოლონური ექსპედიციის მეშვეობით, რომლის პატრონაჟი არის საქართველოს პრეზიდენტის ქვეშ. ეს არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ახალი აღმოჩენები ეხება ძველ კოლხურ ცივილიზაციას ქუთაისში. ეს ნიშნავს, რომ აქაც არქეოლოგია ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვიძახით, ამდენი ხანია, ჩვენი ლოზუნგია, რომ საქართველო ევროპა არის თუნდაც ძალიან დიდი წარსულიდან, ეს არის კოლხური პერიოდი, ეს არის არგონავტების პერიოდი, იქაც არის საქართველოს ცივილიზაცია, ეს არის ევროპული ცივილიზაციის ნიშანი და მტკიცებულება.

ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტისთვის და ნებისმიერ დროს გელოდებით საქართველოში, ეს არის თქვენი მეორე სამშობლო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.