ირაკლი კობახიძე – არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ – რაც უნდა, ის გააკეთოს

“ნაციონალურ მოძრაობას” რაც უნდა, ის გააკეთოს, ეს არის მათი გადაწყვეტილება, არაფერს შეცვლის, არანაირი პრინციპული განსხვავება არ იქნება, შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობას ავლენს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. გახსოვთ, რომ თბილისში ჩამოვიდა შარლ მიშელი და ასეთ დროსაც კი, მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, არ მივიდნენ შეხვედრაზე, რაც მეტყველებს მათ ზოგად დამოკიდებულებაზე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, ევროკავშირის მიმართ. ეს უპატივცემულობა მიუღებელია და სათანადო რეაქცია სჭირდება როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში დასავლური ინსტიტუტების პრესტიჟი უნდა დავიცვათ, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობაც და ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.