მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მან მრევლს და მედიას საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას გააცნო.

მეუფე სტეფანეს განმარტებით, ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მამა დანიელ გვილავა და სასულიერო პირების ნაწილი, ცდილობენ ეპარქიაში მუდმივი არეულობა და დებოში შეიტანონ, რაც ეწინააღმდეგება ეპარქიის წესებს.

მისივე განცხადებით, არა ერთი მოწოდების მიუხედავად მათ არ მოინანიეს თავისი საქციელი და სადღესასწაულო და სხვა დღეებში პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. დღეიდან, დანიელ გვილავას იღუმენის წოდება ჩამოერთვა და ის რჩება როგორც ბერი მონასტერში. რაც შეეხება ეპარქიაში მიმდინარე გადაბარების პროცესს, მიტროპოლიტის განმარტებით, ამ საკითხზე მუშაობს სპეციალური კომისია.