ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებს 14 წლის განმავლობაში დაბადების მოწმობებიც კი არ ჰქონდათ, ბალანსი არ ჯდება ცოცხალ ადამიანებთან მიმართებაში, ეს არის ტრეფიკინგის წყარო  – ანა აბაშიძე

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის ანა აბაშიძის განცხადებით,  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებს, წლების განმავლობაში დაბადების მოწმობაც კი არ ჰქონდათ.

როგორც მან „რუსთავი 2″-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, ასეთი ბავშვები, რომლებიც იურიდიულად არ არსებობენ, ტრეფიკინგის წყაროა.

„მეუფე სპირიდონს, იმედი მაქვს, ძალიან მალე დუმილის უფლებაც ექნება. 2011 წელი არის პირველი თარიღი, როდესაც 1997 წლის შემდგომ, დაახლოებით, 14 წლის თავზე, პირველმა ბავშვმა მიიღო დაბადების მოწმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 წელი ასეულობით ბავშვი ცხოვრობდა სადღაც სივრცეში, არც სახელი ვიცოდით, არც გვარი, არც ვინაობა და ეს ტრეფიკინგის წყაროა,” – განაცხადა ანა აბაშიძემ.

უფლებადამცველმა სხვადასხვა წყაროების მიერ ბავშვების სხვადასხვა რაოდენობის დასახელებაზეც გაამახვილა ყურადღება.  ანა აბაშიძის თქმით, ყველანაირი გარემოებაა იმისა, რომ ბავშვების გაყიდვასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდეს.

“ბალანსი არ ჯდება ცოცხალ ადამიანებთან მიმართებაში, ეს არის ტრეფიკინგის წყარო. ერთ მინიშნებას მოგცემთ გავიკითხოთ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს ან მოუხდია ბავშვების გაყიდვის დანაშაულის გამო. რამდენი ბავშვი გაუშვილებიათ სახელმწიფოს გვერდის ავლით ფულადი ანაზღაურებით. მე მინიშნებას გაძლევთ, ჩემი საქმე არაა გამოძიება, ყველა ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა არ დაიძინებდა ამაზე ფიქრით სად არიან დანარჩენი ბავშვები, ამ ქვეყანაში ბავშვების გაყიდვის დანაშაულებს ჩადიან, მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო, სადაც ოფიციალური ორგანო ვერ გვეუბნება რამდენი ბავშვი შევიდა, გავიდა და რამდენია ახლა, ან გვეუბნება და ბალანსი არაა, ეს ხომ ხალხო კარტოფილის “მეშოკი” არაა, ადამიანებზეა ლაპარაკი, მე არ ვამბობ გადაჭრით რომ ვინმე ბავშვებს ყიდის ამ სახლში, მაგრამ გადაჭრით გამოვხატავ ეჭვს, რომ ყველანაირი გარემოებაა იმისთვის, რომ ეს ვიფიქრო,”- განაცხადა ანა აბაშიძემ.

როგორც ცნობილია, სახალხო დამცველის აპარატი ზრუნვის სააგენტოზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პანსიონში 56 ბავშვია, სხალთის მიტროპოლიტი რომლის დაქვემდებარებაშიც არის პანსიონი აცხადებს, რომ იქ 150-მდე ბავშვია.